საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 22 ოქტომბრის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. სხდომაზე ნარმანიამ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც სემეკი მიმდინარე და მომდევნო წლებში განახორციელებს. მათ შორის, ინვესტიციების შეფასებისა და ბაზრის მონიტორინგის წესები. ამასთან, კომისიის თავმჯდომარის თქმით, ბოლო წლებში, ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბაზარზე, ადგილობრივი წარმოება კი ჩამორჩება მოხმარებას. შესაბამისად იზრდება იმპორტი, რაც იწვევს ელექტროენერგიის გაძვირებას. სწორედ ამიტომ, ნარმანიას თქმით, აუცილებელია რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ადგილობრივი გენერაციის განვითარებასა და ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.