საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება კი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა. ხაზი გაესვა აღნიშნული თემების და ზოგადად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას.
თავად გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა, ორგანიზაციამ მანდატის ფარგლებში ცალკეული საკითხების მოგვარებაში ეფექტური როლი ითამაშოს.