კომეტა ,,ლეონარდი” ამჟამად დედამიწის ცაზე არსებული ყველაზე კაშკაშა კომეტაა და დეკემბერი თქვენი ბოლო შანსია, რომ ის დაინახოთ იქამდე, სანამ სამუდამოდ გაქრება. კომეტა პირველად მიმდინარე წლის იანვარში, ასტრონომმა გრეგ ლეონარდმა აღმოაჩინა. ციურმა ობიექტმა, სავარაუდოდ, ბოლო 35 000 წელი გაატარა მზისკენ მიმავალ გზაზე, თავის მოგზაურობას კი ის 3 იანვარს დაასრულებს, როდესაც მზეს დასაშვებ მანძილზე მეტად მიუახლოვდება. როდესაც კომეტა მზეს უახლოვდება, ის ანათებს, რის გამოც ამ მოვლენამდე კვირების განმავლობაში მისი დანახვა უფრო ადვილია.აღსანიშნავია, რომ ,,ლეონარდის”გამორჩეული თვისება არა მხოლოდ მისის სიკაშკაშე, არამედ სისწრაფეცაა. ის ულტრასწრაფი კომეტაა, რომელიც მზის სისტემაში 71 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს. ამის მიუხედავად, დედამიწისგან დაშორების გამო კომეტად მაინც ნელა მოძრავ ობიექტად აღვიქვამთ.როგორც “ნასა” გვამცნობს, კომეტა „ლეონარდი“ დედამიწას 12 დეკემბერს მიახლოვდება, იგი ჩვენი პლანეტიდან 34 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაიფრენს. 18 დეკემბერს ის ვენერას ჩაუფრენს, დედამიწიდან კი ხილული იქნება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროების ცაზე. ზოგადად, როდესაც კომეტები ვარსკვლავს უახლოვდებიან, ეს გიგანტური ყინულის ბურთები დნობას იწყებენ, რაც კომეტიდან ორთქლს, გაზს და მტვერს გამოდევნის. სწორედ ეს გაზის და მტვრის ღრუბელი ქმნის კომეტისათვის დამახასიათებელ “კუდს”.კომეტების უმეტესობა წარმოიქმნება ჩვენი მზის სისტემის ყინულოვან კიდესთან და ჩვენთვის ხილული მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როდესაც შიდა მზის სისტემაში აღწევს. შესაძლებელია, რომ კომეტა “ლეონარდი” შეუიარაღებელი თვალისთვისაც ხილული იყოს, თუმცა იმ ადამიანებს, ვისაც ამ სანახაობის გამოტოვება არ სურს, “ნასა” ბინოკლების ან ტელესკოპების გამოყენებას ურჩევს.