ცოტა ხნის წინ ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში გვარს უკვე აღარ იყენებს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოცემა The New York Times-ს ინტერვიუ მეტავერსში მისცა.
დემნამ ბალენსიაგას გასულ წელსა და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. გასული წლის განსაკუთრებული ამბებიდან აღსანიშნავია დემნას სიმპსონებში გამოჩენა და ბალენსიაგას კოლექციის ანიმაციით წარდგენა. მან "ამერიკის ოსკარებად" წოდებული ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოც მიიღო და საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედალიც გადასცა. ამასთან ერთად, დემნამ საზოგადოებას თავი კიმ კარდაშიანთან ერთად მეთ გალაზე გამოჩენითაც დაამახსოვრა, მიუხედავად იმისა, რომ სახე დაფარული ჰქონდა და, ფაქტობრივად, არც ჩანდა.
ვრცელ ინტერვიუში დემნამ ყურადღება საკუთარი წარმატებული კარიერის მთავარ მიზნებზეც გაამახვილა:"მოდის მხიარულება და სილაღე დამეხმარა, რომ გამეცნობიერებინა, თუ რამდენად მიყვარს ჩემი საქმე. ჩემი მთავარი მიზანი ადამიანებისთვის საკუთარი პერსონის შესაქმნელად და მათ გასამხიარულებლად საუკეთესო ინგრედიენტების მიცემაა. სწორედ ამას ნიშნავს მოდა. ამაზე უკეთ არაფრის გაკეთება არ შემიძლია", ამბობს დემნა.