2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს 9 საათზე დაიწყო. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე და 8 ივნისს დასრულდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ასევე სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.