ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში, მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვნების შვიდეულის ხუთშაბათს უფალმა თავისი მოწაფეები საკუთარი ხორცითა და სისხლით აზიარა.
მასთან, უწმინდესის თქმით, ეს დღე განსაკუთრებული დღეა პირადად მისთვის, რადგანაც 60 წლის წინ ამ დღეს იგი დიაკონის ხარისხში მაშინდელმა პატრიარქმა აკურთხა.უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ დღესვე სამებაში 19:00 საათზე, 12 ვნების სახარების კითხვა დაიწყება, რომლის დროსაც 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილებს უფლის ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.