"შრომის კოდექსის" რეფორმის ფარგლებში დღეს მეოთხე საჯარო შეხვედრა გაიმართა. რეფორმის ინიციტიატორებმა დაინტერებულ მხარეებთან ერთად, კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის -შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. "შრომის კოდექსის" ერთ-ერთი ინიციატორის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული ინსტიტუციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება, საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის. რეფორმის ინიციატორებმა შეხვედრაზე ასევე შრომის ინსპექციასა და სანქცირებაზეც ისაუბრეს. უფრო კონკრეტულად კი, მონიტორინგი განხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე. დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება სანქცირება, საჭიროების შემთხვევაში კი მატერიალური ჯარიმა. ამასთან,რეფორმის ინციატორები არ გამორიცხავენ, რომ რიგ შემთხვევებში მოხდება საქმიანობის შეჩერება.
შეგახსენებთ, რომ "შრომის კოდექსის" რეფორმის საჯარო განხილვები აქტიურად მიმდინარეობს. რეფორმის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბების პროცესში ჩართულები არიან ბიზნეს ასოციაციების, პროფესიული კავშირების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.