ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანის BMW-სა და მისთვის ნაწილების მიმწოდებელი გერმანული Bosch-ის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა. სარჩელში დიზელისძრავიან ავტომობილებში ემისიების მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებით სავარაუდო მანიპულაციური სქემა დეტალურად არის აღწერილი.
Die Welt-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ 2018 წელს მარტში დაიწყო, თუმცა, მოსამართლემ საქმე გადადო და მოსარჩელეებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი ბრალდებისთვის გადაეხედათ. ორშაბათს კი იურიდიულმა კომპანიამ Hagens Berman-მა ნიუ-იორკის სასამართლოს მიმართა სარჩელით, სადაც ამტკიცებს, რომ BMW-ს ავტომობილებს იგივე მოწყობილობა აქვს, რომელიც Volkswagen-ის დიზელისძრავიან ავტომობილებში გამოიყენებოდა და გამონაბოლქვის მონაცემების მაჩვენებელს დაბლა წევს.
სარჩელი ეხება BMW-ს ათიათასობით დიზელისძრავიან ავტომობილს, მოდელებს X5-სა და 335d-ს, რომლებიც 2009-2013 წლებშია გაყიდული.
შეგახსენებთ, რომ „დიზელგეითის“ სკანდალი უკვე წლებია გრძელდება. მან პირველად 2015 წელს იფეთქა, როცა ამერიკის ხელისუფლებამ გერმანული Volkswagen-ი 20 მილიონ გაყიდულ ავტომობილში ემისიების მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა. კომპანიას სკანდალის დარეგულირება ჯარიმების სახით, 18 მილიარდი დოლარი დაუჯდა.