დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეიქმნა, მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. კომისია 4 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთაგან 2 "ქართულ ოცნებას", ხოლო 2 "ევროპელ სოციალისტებს" წარმოადგენს. პირველ სხდომაზე დეპუტატები კომისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ და სხვა საორგანიზაციო საკითხებს მოაგვარებენ.
მმართველი პარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში.
კომისიის შემადგენლობა უკვე განსაზღვრულია. მასში ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" დეპუტატები ალუდა ღუდუშაური და გივი მიქანაძე იმუშავებენ. ოპოზიციის კვოტით კი "ევროპელი სოციალისტები" ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან. კომისიამ დასკვნა სამი თვის ვადაში უნდა დადოს.