2020 წლიდან ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში კაფეებსა და რესტორნებს კლიენტების შენობის გარეთ მომსახურება აეკრძალებათ. ამის შესახებ სტატიას Business Insider-ი ავრცელებს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დუბროვნიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ქალაქი გახდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ქალაქში სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სცენების გადაღება გახდა. სერიალში დუბროვნიკის ისტორიული ნაწილი შვიდი სამეფოს დედაქალაქად იყო წარმოდგენილი.
თუმცა, პოპულარობის ზრდასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ქალაქი დიდი რაოდენობის ტურისტების ნაკადს ვერ უმკლავდება და რეგულაციების გატარება გახდა საჭირო. დუბროვნიკის მერის ინიციატივით, ქალაქში არსებულ რესტორნებსა და კაფეებს მომავალი წლიდან მაგიდების შენობიდან გამოტანა და კლიენტების მომსახურება აეკრძალებათ. ამასთან, ახალი რესტორნების გასახსნელად არსებული მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა.