დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში დაკარგულ ცოლ-ქმარს, რომლებიც გარდაცვლილები იპოვეს, სოფელ წკერეში კარავი ჰქონდა გაშლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ავრცელებს. სეხნიაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილების მცირეწლოვანი შვილის სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. 6 ივლისს "112"-ში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება შევიდა. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს ხოლო 7 ივლისს მეორე ტურისტი იპოვეს გარდაცვლილი.