ძლიერი და ელეგანტური პუმა, რომელსაც ხშირად კუგუარს ან მთის ლომსაც უწოდებენ, არა მხოლოდ მოხერხებულობით, ამტანობითა და მაღალი ინტელექტით, არამედ სწრაფი აზროვნებით, იშვიათი გამბედაობით და მსხვერპლზე თავდასხმის დაგეგმვის უნარით გამოირჩევა.
ფენომენალური ნახტომის მფლობელი პუმა ერთადერთი ველური კატაა ამერიკის კონტინენტზე. მართალია, რამდენიმე საუკუნის წინ ცხოველის პოპულაცია პატაგონიის (დღევანდელი არგენტინის) სამხრეთ ტერიტორიიდან კანადამდე და ალიასკამდე სახლობდა, მაგრამ დღეს მისი გავრცელების არეალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მხოლოდ ფლორიდას და სამხრეთ ამერიკის დასავლეთ რეგიონებს მოიცავს.
ცხოველს შემთხვევით არ მოიხსენიებენ მთის ლომად, რადგან მეტწილად ზღვის დონიდან 4 700 მეტრის სიმაღლეზე ტყეში სახლდება, თუმცა არც ბარში მოგზაურობას ერიდება. პუმა ნებისმიერ გარემოს ადვილად ერგება, თავისუფლად შეუძლია ტროპიკულ ან წიწვოვან ტყეებსა და ბალახოვან ველებზე დაბინავება, მთავარია საკვები იყოს უხვად.