ყოველწლიურად ტონობით პლასტმასის სათამაშო იყრება ნაგავსაყრელზე, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის. Ecobirdy ეს არის ბელგიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გადამუშავებული სათამაშოებისგან ამზადებს ავეჯს . კომპანია აგროვებს ძველ სათამაშოებს და პლასტმასის ნივთებს და მათი გამოყენებით საგნებს ამზადებს. სათამაშოები გადააქვთ სპეციალურ საწარმოში, სადაც ხდება მათი გადამუშავება. ქარხანაში სათამაშოებს ახარისხებენ ფერების მიხედვით და შემდეგ ხდება მათი დაქუცმაცება.
გადამუშავებული მასალით მზადდება ავეჯი და სხვადსხვა ტიპის ნივთი. მაშინ როდესაც ძველი სათამაშოების 80 პროცენტი ნაგავსაყრელზე ხვდება და გაერმოს აბინძურებს, ორგანიზაცია უსარგებლო ნივთებისგან ახალ პრაქტიკულ საგნებს ქმნის. როგორც წესი, ნარჩენები იყრება ოკეანეში ან ხდება მათი თერმულად გადამუშავება, რაც ასევე ზიანს აყენებს გარემოს. ანტვერპენში დაფუძნებულმა კომპანიამ ავეჯის ბაზრობაზე წარმოადგინა გადამუშავებული სათამაშოებისგან დამზადებული ავეჯი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ჯერჯერობით კომპანია აწარმოებს მსუბუქ სკამს სახელად „ჩარლი“ და მისთვის განკუთვნილ მაგიდას „ლუიზას“. თუმცა როგორც Ecobirdy- ის წარმომადგენელი აცხადებს, კომპანია მომავალში უფრო მრავალფეროვანი ავეჯის წარმოებასაც გეგმავს. კომპანია მიზნად ისახავს საზოგადოებაში და ბავშვებში მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის მიერ , რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობასა და მათ წახალისებას. ძველი უსარგბელო პლასტმასისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვით კომპანიის მიზანია ჩვენი ეკოსისტმა მავნე ზემოქმედებისგან გაანთავისუფლოს. იდეის ავტორების თქმით, ისინი იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც განკუთვნილია პლასტმასის ხელახლა გამოყენებისთვის და არანაირ დანამატს არ საჭიროებს. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, გადამუშავებული სათამაშოებისგან დამზადებული ნივთები 100 პროცენტით უსაფრთხოა და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს.