იმ ფონზე, როცა მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი ნავთობმომპოვებელი კომპანია ნავთობის მოპოვებას ამცირებს, საქართველოში ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი ერთ ლიტრზე 3-5 თეთრით გაიზარდა. გაძვირების მიზეზად იმპორტიორები საწვავის საერთაშორისო ფასების ზრდას ასახელებენ. ქვეყანაში საწვავის ფასების გაძვირება დაახლოებით ერთი თვის წინ, არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურებიდან დაიწყო. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება უჭირს თუმცა ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, სანამ ლარი მეტნაკლებად სტაბილურია, საწვავის ფასების მკვეთრი მატება მოსალოდნელი არ არის.