ევროპის სტატისტიკური სამსახურის მიერ ნაწარმოები ე.წ. "ბედნიერების ინდექსის" ახალი კვლევების თანახმად, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რიცხვი გაიზარდა.
ამასთან, ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრებენ ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და ფინეთში, ვინაიდან ამ ქვეყნებში გამოკითხული ადამიანების დიდი ნაწილი, 76% უმეტეს დროს თავს ბედნიერად გრძნობს.
მათ შემდეგ ჩამონათვალში მოდის: ლუქსემბურგი, ესპანეთი და დანია. მათი მაჩვენებელი 74-70%-ის ფარგლებშია. საშუალოდ კი ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რაოდენობამ 62% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 31% დაფიქსირდა ლატვიაში, ბულგარეთში - 35%, ხორვატიაში - 42%, ლიეტუვაში - 45%, ხოლო საბერძნეთსა და რუმინეთში - 46%.
2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირში ბედნიერი ადამიანების რაოდენობა 2%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, გამოკითხვის დროს ადამიანებს ეკითხებიან, რამდენად ხშირად გრძნობენ ისინი თავს ბედნიერად - "სულ", "უმეტესად", "ზოგჯერ", "იშვიათად" თუ "არასდროს".