ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვას ეხმაურებიან.„სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას.ჩვენ ვეკონტაქტებით ყველა მხარეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რაც ნეგატიურად აისახება კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ძირს უთხრის სტაბილურობას. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისი დისკუსიების ყველა მონაწილეს, არსებული მექანიზმის ფარგლებში შეეცადონ გამოსავლის მოძიებას“, - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას დამატებითი სირთულეები არ შეექმნას და სრულად იყოს დაცული მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება.განცხადების თანახმად, ეს და სხვა საკითხები მომდევნო კონსულტაციების დროს განიხილება.