ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის, უფრო კონკრეტულად, იბიარდმა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა სავალუტო სვოპ ხელშეკრულება რომლის საშუალებითაც იბიარდს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო იბიარდმა გამოყო სასწრაფო დახმარების პაკეტი 4 მილიარდი ევროს ოდენობით, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი კლიენტების დასახმარებლად. აღნიშნული დახმარება განკუთვნილია მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკისათვის, მათ შორის საქართველოში არსებული კომპანიებისთვისაც. იბიარდის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში იბიარდის საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია მოახდინა 249 პროექტში, მათ შორის ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში.