სერიალებით გატაცება 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა მოდური და არც დღეს კარგავს აქტუალურობას, რადგან მცირე ფორმატი ბევრად კონკურენტუნარიანი და მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე კრიტიკოსებს წარმოედგინათ. საერთო ტენდენციას არც მსოფლიო კინოს ვარსკვლავები ჩამორჩნენ, რომლებიც უხერხულობის გარეშე, შესაშური ენთუზიაზმით თანხმდებიან ოდესღაც ნაკლებად პრესტიჟულ, ახლა კი, პოპულარულ ჟანრში მუშაობას და საკუთარი ნიჭის, არტისტიზმის წყალობით რიგით ტელეპროექტებს ნამდვილ ეკრანულ შედევრებად აქცევენ. გამონაკლისი არც ბენედიქტ კამბერბეტჩი აღმოჩნდა, რომელსაც ბრიტანულ კოსტუმირებულ დრამებში, კლასიკურ ეკრანიზაციებში მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, მხოლოდ 2010 წელს დაუფასდა მონდომება, როცა ტელეეკრანზე არტურ კონან დოილის ცნობილი დეტექტივის ახალი, სრულიად განსხვავებული ვერსია გამოვიდა, "შერლოკი" მისი ინტერპრეტაციით კი, ელეგანტურ ინტელექტუალად იქცა და აღიარებამაც არ დააყოვნა - ნოვატორული სახის შექმნისთვის მიღებულ პრემიებს, სინჯები ჰოლივუდში, "ოსკარის" ნომინაცია და წამყვან fashion-გამოცემებში წარმატებული ფოტოსესიები მოჰყვა.