მართალია, პლანეტის მრავალფეროვანი ფაუნა მეცნიერებმა დიდი ხნის წინ შეისწავლეს, მაგრამ ზოგიერთ წარმომადგენელთან დამეგობრება მაინც ვერ შეძლეს. სწორედ ურჩ ცხოველებს შორისაა მადაგასკარელი (მოკლეკუდიანი) ინდრი, იგივე ბაბაკოტო, რომელიც ეგზოტიკური გარეგნობის და უცნაური ხასიათის წყალობით ჯერ ადგილობრივების მითებისა და ლეგენდების გმირი გახდა, მერე მკვლევარების ინტერესის ობიექტად იქცა. მადაგასკარელთა ენაზე "ინდრი" როგორც "აი, ის" ჟღერს. სავარაუდოდ, ამგვარი სახელი ბაბაკოტომ მკვლევარებსა და ადგილობრივ გამცილებლებს შორის გაურკვევლობის წყალობით მიიღო, როცა მეცნიერებმა ვერაფრით დაიმახსოვრეს უცნაური ცხოველის სახელი, თუმცა ყოველ მის გამოჩენას "ინდრი, ინდრი!"-ს შეძახილით ხვდებოდნენ.