ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს შეხვდნენ და მათ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის - „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ პროექტი გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. მთავრობის ინიციატივა, რომელიც მინისტრმა მეწარმეებს გააცნო ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო შეექმნათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები.