ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უწყებამ ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთს" ხელშეკრულება შეუწყვიტა. კითხვაზე, რა ეტაპზეა თბილისის საკონცერტო დარბაზის საკითხი, სამინისტრო აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100%-იანი წილის მართვის უფლებით სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ დააკისრა პირგასამტეხლოც და დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით სარჩელიც შეიტანა საქალაქო სასამართლოში.