პარლამენტმა პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით დაამტკიცა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულრიებელ კომისიას უფლებამოსილება ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. აღსანიშნავია, რომ პირვანდელ დოკუმენტში, სპეციალურ მმართველს კომპანიის აქციების გასხვისების უფლებაც ჰქონდა. სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღნიშნულის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ბიზნესი თვლის, რომ პროექტი კომუნიკაციების კომისიას როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ბერკეტებს გაუჩენს იმისათვის, რომ მათ საქმიანობაში ჩაერიოს. თუმცა, როგორც, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა, ბიზნესთან კონსენსუსი შედგა. პარლამენტმა დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით ასევე დაამტკიცა ცვლილებები ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ კანონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ და სემეკმა ერთობლივად მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიები მარეგულირებელი კომისიის ნებართვის გარეშე კომპანიის აქციების 5%-ზე მეტს ვერ გაასხვისებენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, წინასწარ შეუთანხმონ კომისიას ის გარიგება, რომლის შედეგადაც მათი აქციების 5%-ზე მეტის შემთხვევაში მესაკუთრე იცვლება.