ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER 13 მაისს, 23:59 საათზე, Spacehall Kustba-ს ღია სივრცეში მასშტაბური საფესტივალო ღამით დაბრუნდება, რომლის ფარგლებშიც თბილისს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი Peggy Gou ეწვევა და ადგილობრივი სცენის შთამბეჭდავ წარმომადგენლებთან ერთად გაზაფხულის სერიებს გახსნის.
Peggy Gou ელექტრონული მუსიკის გლობალურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი არტისტია, რომლის გამოცდილებაც სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში, მუსიკისა და მოდის სფეროში მიღებულ ცოდნას ეფუძნება. საკულტო და ისტორიული მნიშვნელობის კლუბებში ხშირი სტუმრობის შემდეგ, ელექტრონული მუსიკის სცენის გავლენიანი ლეიბლები Ninja Tune და Phonica მალევე დაინტერესდნენ ახალი არტისტის ჩანაწერების გამოცემით, ხოლო მსოფლიოს სახელგანთქმული ფესტივალები SÓNAR, Primavera Sound, Glastonbury მის მუდმივ მასპინძლებად იქცნენ.