ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, "ოსკარის", "გრემის" და სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი ენიო მორიკონეს კონცერტი 19 მაისს "ბლექ სი არენაზე" იმართება. დირიჟორმა კონცერტამდე მცირე ხნით ადრე გაავრცელა მიმართვა ქართველი მსმენელისადმი, სადაც აღნიშნა, რომ სპეციალურად ამ კონცერტისთვის მაყურებლისთვის ნაცნობი, ასევე ნაკლებად ცნობილი მელოდიები შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა დროს შესანიშნავი ფილმებისთვის შექმნა. ენიო მორიკონესთან ერთად საქართველოში ჩამოდის 120-კაციანი გუნდი, მათ შორის რომის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები, რომლებიც "ბლექ სი არენას" სცენას თბილისის ოპერის გუნდთან ერთად დაიკავებენ. კინომუსიკის ნამდვილ ლეგენდასთან შეხვედრის შანსი უკვე გამოყენა დაახლოებით ხუთი ათასმა ადამიანმა, ვინც tkt.ge-ს საშუალებით დროულად შეიძინა ბილეთები, თუმცა კვლავ არის დარჩენილი ბილეთების გარკვეული რაოდენობა, რომელთა შეძენა მსურველებს ონლაინ შეუძლიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ 19 მაისს კონცერტზე მოხვედრა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, ვინაიდან დანიშნულია მატარებლის და თვითმფრინავის სპეცრეისები.