აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატის ჯანმრთელობის კომიტეტს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა არ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ფაუჩიმ განაცხადა, თუ ვაქცინა დამტკიცდება და წლის ბოლოს ის მოხმარებისთვის მზად იქნება, ანუ „თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ აიცრება დეკემბერსა თუ ნოემბერში, ეს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იქნება". მისი თქმით, რაც შეეხება მომავალი წლის დასაწყისს და შემდეგ უფრო გვიანდელ პერიოდს - აპრილს, სწორედ ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ აშშ პოტენციურად, „საერთო ჯამში ვაქცინის 700 მილიონ დოზას იხილავს". ფაუჩის თქმითვე, ვაქცინისთვის პრიორიტეტული ჯგუფები პირველ რიგში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და დაავადების წინაშე ყველაზე დაუცველი პირები იქნებიან.