თურქეთის მიერ შავ ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადო „საკარია“ მოცულობის მიხედვით მეორე ყველაზე მსხვილი ბუნებრივი აირის საბადოა მსოფლიოში, რომელიც 2020 წელს აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ერდოღანმა თურქეთის მიერ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მსხვილი მარაგების აღმოჩენის შესახებ, ოფიციალურად გამოაცხადა. 2023 წლისთვის ქვეყანა მის მიწოდებას შიდა ბაზარზე გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საბადოს მარაგები 320 მილიარდი კუბური მეტრია და ქვეყანა ძალიან მალე გადაწყვეტს მათი მოპოვების ტექნიკურ დეტალებს. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებით კი, შავ ზღვაში აღმოჩენილი საბადოს მარაგი 65 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.