დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ, ქართული მხარე კი, ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხებზე მსჯელობას კვლავ გეგმავს. „დღის წესრიგის მიხედვით განსახილველი გვაქვს 11 საკითხი. მთავარი ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრების განახლება ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგია.