საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 9%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ლარის გაცვლით კურსზე მოხდება მნიშვნელოვანი დაწოლა, კურსის გაუფასურების მიერ გამოწვეული ინფლაციის შესაჩერებლად, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა უკვე მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რათა მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომა გაიზარდოს. რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას, რაც თავის ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსსა და შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითაც აისახება.