საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებას არ გამორიცხავს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, დეკემბერში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი მცირედით გამყარდა, რამაც ინფლაციაზე ზრდის წნეხი შეამცირა, თუმცა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჯერ კიდევ გაუფასურებულ დონეზე რჩება.
ასევე, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დაკრედიტების მაღალი ზრდა. ამასთან, ცენტრალური ბანკის პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს.