საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია დაიწყო. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას კი წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის გრაფიკული გამოსახულება. მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი და ლარის სიმბოლო. მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია, იაპონიის ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 60 ლარია.