სერჯიო ლეონემ მთელი 10 წელი შეალია საოცნებო პროექტის - განგსტერული ეპოსის - „ერთხელ ამერიკაში“ განხორციელებას. მართალია, ფილმმა რობერტ დე ნიროსა და ჯეიმს ვუდსის მონაწილეობით, სწრაფად მოიპოვა ევროპელი მაყურებლის მოწონება, მაგრამ ამერიკელებმა დრამა კანის კინოფესტივალზე ტრიუმფალური წარმატების შემდეგ ნახეს შემოკლებული და თითქმის განახევრებული ვერსიით. თავად ლეონეს განცხადებით „ერთხელ ამერიკაში“ მისთვის ყველაზე რთული ფილმი აღმოჩნდა, რომელსაც პრაქტიკულად მთელი ზრდასრული ცხოვრება მიუძღვნა.
მსოფლიო კინოს ისტორიაში სერჯიო ლეონე ველურ დასავლეთზე შექმნილი ტრილოგიით შევიდა, რომელმაც ფილმები „ერთი მუჭა ოქროსთვის“, „რამდენიმე დოლარით მეტი“ და "ცუდი, კარგი, ბოროტი“ გააერთიანა, მაგრამ იტალიელი რეჟისორის შემოქმედება მხოლოდ ე.წ. "სპაგეტი-ვესტერნებით" არ შემოიფარგლა. ისტორიით რეჟისორი 1968 წელს, ვესტერნზე „ერთხელ ველურ დასავლეთში“ მუშაობისას დაინტერესდა და იმდენად გაიტაცა, რომ უარი თქვა Paramount Pictures-თან თანამშრომლობაზე, რომელმაც „ნათლიმამას“ გადაღება შესთავაზა.