მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.სარეცხი ფხვნილის ყველაზე საშიშ კომპონენტებს განეკუთვნება ფოსფატები და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თუ პროდუქტის შემადგენლობაში 5%-ზე მეტია, შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, უარყოფითი მოქმედება კანის უჯრედებზე.მაღალი კონცენტრაციით კი შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და ნერვული სისტემა.
ამ რეალობაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება საკითხი, თუ როგორ უნდა გავრეცხოთ ოჯახში არსებული სარეცხი, განსაკუთრებით - ბავშვის. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ბავშვის კანის პრობლემები, ალერგია თუ იმუნიტეტის დაქვეითება სწორედ ცუდად შერჩეულ სარეცხ საშუალებაში გარეცხილ სამოსსა თუ სათამაშოებთან კონტაქტს გამოუწვევია.ბევრი თანამედროვე სარეცხი საშუალება ქიმიურ დანამატებს შეიცავს, რომლებიც ნივთების ზედაპირზე ჯდება. ისინი შეიძლება ბავშვის ორგანიზმში მოხვდნენ და ალერგია გამოიწვიონ. გახსოვდეთ, რომ ქლორი, ფოსფატი და სხვა ქიმიური საშუალებები არ უნდა იყოს ბავშვის სარეცხ საშუალებაში, აგრეთვე, მოერიდეთ მძაფრსუნიან კონდიციონერებს. ჩვილის სარეცხი უნდა გაირეცხოს სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებით, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული. მოგვიანებითაც, როცა ბავშვი ცოტა წამოიზრდება, მაქსიმალურად სწორად უნდა შეარჩიოთ სარეცხი საშუალება, რათა იყოს არაალერგიული, ქიმიური დანამატების გარეშე და მაქსიმალურად უსაფრთხო. სასურველია, თქვენი სამოსიც ასეთი სარეცხი საშუალებით გაირეცხოს.
არანაკლებ პრობლემატურია ბავშვის სათამაშოების რეცხვა, რომლებსაც პატარა ხშირად პირში იდებს. დიდი ბეწვის სათამაშოები, რომლებიც მტვრის ბუდეებად გვევლინებიან, უმჯობესია შინ არც გააჩეროთ. საბავშვო სათამაშო ჰიპოალერგიული უნდა იყოს, მცირე დეტალების გარეშე და კარგად უნდა ირეცხებოდეს.