ბრიტანელმა სპეციალისტებმა გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მოწოდებულმა ქიმიოთერაპიამ შემდგომში ძვლის ტვინის გადანერგვით, უკვე რამდენიმე პაციენტს მოუტანა შვება. როგორც ცნობილია, მკურნალობის ამ ახალი მეთოდის შემდეგ დაავადებულთა ნაწილი, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, კვლავ ფეხზე წამოდგა. რაც მთავარია, მათ დაავადების პროგრესირება შეუჩერდათ. პაციენტებს ოპერაცია ლონდონის სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში ჩაუტარდათ. როგორც ისინი აცხადებენ, მდგომარეობის გაუმჯობესება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ მალევე დაეწყოთ. ეს პაციენტები ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იმედოვნებენ, რომ ძვლის ტვინის გადანერგვის წყალობით დაავადებას საბოლოოდ დაამარცხებენ.მეთოდის გამოცდა სამი წლის წინ დაიწყო. მისი არსი შემდეგშია: თავდაპირველად პაციენტი გადის ღეროვანი უჯრედების შეგროვების პროცედურას, ამის შემდეგ მას უტარდება ქიმიოთერაპია, რომელიც იმუნურ სისტემაზე მოქმედებს. დასასრულს კი პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ღეროვანი უჯრედები, რომელთა წყალობითაც იმუნური სისტემა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სრულფასოვან ფუნქციობას იწყებს.ეს მეთოდიკა არის პირველი თერაპია, რომელმაც გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში რეალური ეფექტურობა აჩვენა.