ნეპალში ევერესტის მწვერვალთან ახლოს კჰუმბუს რეგიონში პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს. ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალის დასალაშქრად და სამოგზაუროდ რეგიონს ყოველ წელს ათასობით ადამიანი სტუმრობს, რომლებიც დიდი რაოდენობით პლასტიკურ ნარჩენებს ტოვებენ.
მხოლოდ მიმდინარე წელს ნეპალის ხელისუფლებამ ევერესტი 11 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაათავისუფლა. ამიტომაც პოლიეთილენის აკრძალვა კჰუმბუს რეგიონში 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. რაც შეეხება სანქციებს, ჯარიმის ოდენობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.
აღსანიშნავია, რომ ევერესტის დაპყრობის მსურველთათვის რეგულაციების გამკაცრებაც არის დაგეგმილი. კერძოდ, მათ უნდა წარადგინონ დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ უკვე დაულაშქრავთ სხვა რთული მწვერვალი, რომლის სიმაღლეც 6 ათას 500 მეტრს აღემატება. ამასთან, მწვერვალზე ასასვლელი ნებართვის გადასახადი 11 ათასიდან 35 ათას ამერიკულ დოლარამდე გაიზრდება.