ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ევრო ზონის ეკონომიკა, გასული წლის მეოთხე კვარტალში კუს ნაბიჯებით გაიზარდა. იმატა იმპორტის მოცულობამ, ინვესტიციები, სამთავრობო და მოსახლეობის ხარჯვა კი, პრაქტიკულად ერთ ადგილს ტკეპნის და იმპორტის ზრდას გაჭირვებით აბალანსებს.
ევროზონაში, რომელიც 19 ქვეყანას მოიცავს, მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0.1 პროცენტით გაიზარდა, რაც ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ პროგნოზს შეესაბამება. იმავე დროს, ევროსტატმა წლიდან წლამდე ზრდის პროგნოზი 1-დან 0.9 პროცენტამდე დასწია.
ცნობისთვის, გასული წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 0.5 პროცენტით გაიზარდა, მეორე და მესამე კვარტალში კი, ზრდამ შესაბამისად, 0.1 და 0.3 პროცენტი შეადგინა. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად, საფრანგეთის და იტალიის ეკონომიკები დაზარალდა, რომლებიც ევროზონაში სიდიდით მეორე და მესამეა. ასევე იზარალეს საბერძნეთმა და ფინეთმა.