"ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, ევროინტეგრაციის კომიტეტმა ჩააგდო. ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ინიციატივა სარისკოა, რომლის გამოც შესაძლოა საქართველოს კიდევ უფრო მეტი საფასურის გადახდა მოუწიოს რუსეთის აგრესიის გამო. აღნიშნული საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე წარიმართა. ერთმანეთს უმრავლესობისა და „უმცირესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა; 3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.