ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არღვევს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ. “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა, ისევე როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.