ევროკავშირსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა "დიდი დილემაა" - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, მიგრანტების ნაკადების ზრდა და კვიპროსის სანაპიროებთან თურქეთის მიერ ჩატარებული ბურღვითი სამუშაოები საგანგებო საკითხებია, რასაც სასწრაფოდ გადაჭრა სჭირდება.
"ძალიან დიდი დილემაა მთლიანად ევროკავშირისთვის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა თურქეთთან მიგრაციის საკითხზე, ვინაიდან ეს ის არის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და გვსურს. ვფიქრობ, ეს საერთო ინტერესებში შედის", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, თურქეთი, სადაც 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება, იმუქრება რომ მიგრანტებს გაუხსნის ევროპის გზას, თუ ბრიუსელისგან ანკარა ადეკვატურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.