ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს. სხდომაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია მონაწილეობდა. კონსოლიდირებული ანგარიში მოიცავს 2020 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ანგარიშის თანახმად, ადგილზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა გაუარესებული და საგანგაშოა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩორჩანა-წნელისის მხარეში არსებულ რთულ ვითარებაზე.