ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" ინიციატივას და რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
კომიტეტმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში განიხილა. კილაძის თქმით, ევროსაბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას რეპორტის მიხედვით, კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს 1500 მოქალაქე დაზარალებულად ცნო და რუსეთს 10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია დღემდე აჭიანურებს კომპენსაციების გადაცემას და თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.