Facebook-ი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ის მონაცემები ნახონ, რომლებიც მათზეა შეგროვებული. პარამეტრებში არსებული ფუნქცია, რომელსაც Off-Facebook Activity ჰქვია, მომხმარებლებს აჩვენებს ყველა აპლიკაციასა და ვებგვერდს, რომლებიც მათ შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელს უგზავნიან.
Facebook-ზე დარეგისტრირებულ ადამიანებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, წაშალონ საკუთარი ისტორია და პრევენციულ ხერხებს მიმართონ იმისთვის, რომ აპლიკაციის გამოყენებისას მათზე ინფორმაცია აღარ შეგროვდეს. თუმცა ექსპერტების განმარტებით, სოციალური ქსელის ხელმძღვანელების მიერ გადადმულ აღნიშნულ ნაბიჯს დიდი და თანაც უარყოფითი გავლენა ექნება კომპანიის შემოსავლებზე.
სოციალური ქსელის ჩანაფიქრი ძალიან ნელა ხორციელდება და ამ დროისთვის მხოლოდ ირლანდიაში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში აქვთ მომხმარებლებს საკუთარ თავზე არსებული მონაცემების ნახვის შესაძლებლობა. თუმცა Facebook-ის მიზანია მსგავსი შესაძლებლობა მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისცეს.