Facebook-ის შემოსავლები წლის პირველ ფინანსურ კვარტალში 26 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ანგარიში კომპანიამ თავად გაავრცელა.
წინა წლის ანალოგიურ სამთვიან პერიოდთან შედარებით, პირველ კვარტალში შემოსავლები 48%-ით არის გაზრდილი, ხოლო სუფთა მოგება - სრული 94%-ით და 9 მილიარდ 490 მილიონ დოლარს შეადგენს. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვი კი 2 მილიარდ 850 მილიონამდე გაიზარდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კარგ ფინანსურ შემოსავლებს Facebook-ზე რეკლამის განთავსებამ შეუწყო ხელი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ, 30%-ით არის გაზრდილი. Facebook-ის პროგნოზით, ამ მაჩვენებლის ზრდა წლის ბოლომდე გაგრძელდება.