ფანქარი - ხატვის შესწავლას როგორც წესი ფანქრით იწყებენ. გრაფიტით გავლებული ხაზებით ფორმები იქმნება და შემდგომ იძენს ფერსაც. ხატვა არტ თერაპიის ნაწილია, ხელის მოტორიკის, ფანტაზიის, გემოვნების და უამრავი აუცილებელი უნარების გამოსამუშავებელი საშუალება, რის გამოც მშობლები პატარა ასაკიდანვე აზიარებენ შვილებს ამ ერთი შეხედვით იოლი აგებულების შავ ან ფერად საშუალებას. ბავშვებიც დიდი გულმოდგინებით ქმნიან შედევრებს. ბუმბერაზი მხატვრების ჩანახატებს თუ გადაათვალიერებთ აღმოაჩენთ, რომ ფანქარი მხოლოდ გაუბედავი და წასაშლელად გამზადებული ხაზების ნაკრები არ არის. მისი შესაძლებლობები ბევრად უფრო დიდია, რადგან მხოლოდ ერთი ფერის გრადაციის საშუალებით იქმნება სიღრმე, ჩრდილი, ემოცია. რაც მერწმუნეთ ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ფერადი ფანქრებით.
ფანქრის წარმოშობისა და მისი განვითარების ფესვები შედარებით უფრო ახლო წარსულში იძებნება, თუმცა მოსაზრებები მისი განსხვავებული ფორმით ძველ ცივილიზაციებში არსებობის შესახებაც არის, რაც არამყარ აზრს ეფუძნება. ასეა თუ ისე, მისი რამდენიმე საუკუნოვანი არსებობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დღეს საკანცელარიო ნივთებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავოს და ისეთივე მოთხოვნადი იყოს, როგორ უფრო დიდი ისტორიული წარსულის მქონე სხვა ნივთი. ისტორია კი მე13 საუკუნიდან იწერება.