უკვე წლებია სოფელ ნასაგურში ხეები ნაყოფის ნაცვლად ცელოფნის პარკებს ისხამენ. მიწის ნაკვეთები პოლიეთილენითა და ქაღალდით, ღობეებად, ქარმა თვითნებურად შემოსაზღვრა. დამუშავებულ მიწაში ბოსტნეულისა და მარცვლეულის მაგივრად ქარის მიერ ჩათესილი ნარჩენებია.სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მთავარი ნაგავსაყრელიდან, დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს. ერთ დროს, ეს მიწა აქაურების სარჩო-საბადებლის მომტანი იყო. დღეს, მხოლოდ მის ნაწილს ამუშავებენ.ამბობენ, რომ ხშირია საქონლის დახრჩობის ფაქტები. ბალახთან ერთად მინდორში გაშლილ პოლიეთილენს ცოცხალი არსების ორგანიზმი კი არა, მიწის ნიადაგიც ვერ ერევა... ამიტომ, ვისაც პირუტყვი ჰყავს, იძულებულია მათთან ერთად მთელი დღე მინდორში გაატაროს. ყველამ კარგად იცის, რომ ყურადღება არცერთი წამით არ უნდა მოადუნონ, სულ უნდა აკონტროლონ რას ჭამს პირუტყვი, რადგან დასვენება და ფიქრებში ჩაღრმავება, შესაძლოა, ერთადერთი მარჩენალის დაკარგვით დასრულდეს...დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 2011 წელს შევიდა. ნაგავსაყრელის ფართობი 84 ჰექტარია. პოლიგონზე ყოველდღიურად 100-დან 120-მდე ნაგვის მანქანა შედის. მყარი ნარჩენების მართვას ევროსტანდარტების შესაბამისად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგავსაყრელები ზიანს არ უნდა აყენებდეს მოსახლეობასა და მათ ჯანმრთელობას ისევე, როგორც გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ დარაბებს მიღმა, ახლა გაზაფხულია, ნასაგურელების დარაბები მუდამ დაკეტილია. სანამ ეს პრობლემა მოგვარდება, ნაგავსაყრელთან ახლო-მდებარე სოფლის მოსახლეობას კვლავ მძაფრ სუნთან, პოლიეთილენთან, მწერებთან, დაზიანებულ ჯანმრთელობასთან და უამრავ ფრინველებთან მოუწევს ბრძოლა. ბრძოლა კვლავ გადარჩენისთვის.