1995 წელს გადაღებული ფილმით "თავზეხელაღებული" ახალგაზრდა რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა რამდენიმე წლით ადრე, საკმაოდ წარმატებულ დრამაში"მუსიკოსი" დაწყებული ისტორია გააგრძელა, რომელიც მოგვიანებით, ბოევიკში "ერთხელ მექსიკაში" დაასრულა და ერთგვარი ტრილოგია შექმნა. "მუსიკოსი" როდრიგესმა 1992 წელს დადგა და სულ რაღაც 7 ათასი დოლარი დახარჯა, რომელიც სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეობით და საკუთარ თავზე საცდელი პრეპარატების მოსინჯვით მიიღო. მცირებიუჯეტიანი, პრაქტიკულად გასართობად გადაღებული ფილმის მოულოდნელმა წარმატებამ რეჟისორს ბევრად თამამი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და მანაც პირველ ფილმში დაწყებული ორიგინალური ისტორია მეორეში გააგრძელა, მთავარ პერსონაჟად კი, შურისმაძიებელი მუსიკოსი აქცია, რომელიც საყვარელი ქალის მკვლელის ძიებაში, ახალ ხიფათსა და თავგადასავლებში ებმება. გაქირავებაში კინოისტორია საკმაოდ ამბიციური სლოგანით: "რობერტ როდრიგესის ახალი ფეთქებადი ფილმი" ჩაეშვა და გაამართლა კიდეც, რადგან დინამიურმა, დამაინტრიგებელმა, ცოტა თავხედურმა ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არა მხოლოდ გაიმეორა წინამორბედის წარმატება, არამედ დაჯაბნა კიდეც.