"გლადიატორი" (Gladiator, 2000, რიდლი სკოტი) – მართალია, პროდიუსერები შიშობდნენ, რომ გვარიანად მოძველებულ პეპლუმის ჟანრში დადგმული „გლადიატორი“ექშენებისა და ბოევიკების ფონზე დაიჩრდილებოდა, მაგრამ რიდლი სკოტის ეპიკურმა დრამამ, რომელმაც იმ პერიოდისთვის ნოვატორული ვიზუალური ეფექტების და ბრწყინვალედ დადგმული ბატალური სცენების წყალობით მოიპოვა კრიტიკისა და მაყურებლის მოწონება, არა მხოლოდ 450 მილიონი დოლარი მოაგროვა და გაქირავების ჰიტი გახდა, არამედ „ოსკარის“ ხუთი პრემიაც დაიმსახურა. ფილმი, რომელმაც ახალბედა ხოაკინ ფენიქსის და მანამდე ნაკლებად ცნობილი რასელ კროუს კარიერა განსაზღვრა, ჟანრის ეტალონად იქცა და დღესაც მსოფლიო კინოს შედევრად ითვლება.
მართალია, 1990-იანი წლების ბოლოს პეპლუმი ანუ ანტიკურ ეპოქაზე შექმნილი ფილმები ნაკლები პოპულარობით სარგებლობდნენ, კომპანიების DreamWorks Pictures-ის და Universal Pictures-ის მესვეურებმა კი, კარგად იცოდნენ, რომ ძალიან გაუჭირდებოდათ ჟანრის ტრადიციების აღდგენა, საინტერესო ნამუშევრის შექმნა და მაყურებლის დაინტერესება, მაგრამ მაინც გარისკეს და 100-მილიონიანი ბიუჯეტის მობილიზირებით შეუდგნენ მუშაობას.