"ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია, 2008, დევიდ ფინჩერი -
ფანტასტიკური დრამა "ბენჯამინ ბატონის იდუმალებით მოცული ისტორია", რომელიც 2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე და პრესტიჟულ პრემიებთან ერთად გაქირავების ლიდერობაც მოიპოვა, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს დევიდ ფინჩერის ყველაზე თამამ ეკრანიზაციად, რადგან რეჟისორმა სრულიად ახლებურად გაიაზრა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა და ორიგინალური ისტორიის საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებელს.
დევიდ ფინჩერმა ჯერ კიდევ 1990–იანი წლების დასაწყისში დაიმსახურა ყურადღება ნოვატორული სარეკლამო რგოლებითა და მუსიკალური კლიპებით, როცა აქტიურად შეუდგა თანამშრომლობას პოპულარულ შემსრულებლებთან. სწორედ მან შექმნა მადონას ყველაზე ცნობილი კლიპები Express Yourself, Oh Father, Vogue და Bad Girl, ვიდეო ჯორჯ მაიკლს კომპოზიციაზე Freedom '90 კი, ერთ–ერთ საუკეთესოდ იქცა მუსიკოსის შემოქმედებაში. მხატვრულ კინოში ფინჩერის დებიუტი 1992 წელს შედგა სამეცნიერო–ფანტასტიკური ფილმით "უცხო 3" და მართალია, 30–წლიანი კარიერის მანძილზე მხოლოდ 20–მდე ფილმს, მათ შორის ტრილერებს "შვიდი", "თამაში" და მებრძოლთა კლუბი" მოუყარა თავი, მაგრამ აღქმის თავისებური მანერისა და ინდივიდუალური ხელწერის წყალობით მაინც დაიმსახურა თანამედროვე კინოს საკულტო რეჟისორის სტატუსი.