ფონიჭალასა და თბილისის გასასვლელში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ვადიდი და აბასგულ გუსეინოვებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიება ვადიდი და აბასგულ გუსეინოვებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და რეალიზაციას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას შუამდგომლობს.
თავის მხრივ, ბრალდებულ ვადიდი გუსეინოვის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკი ჩაუდეს. როგორც მევლუდ ჩოფლიანი აღნიშნავს, გუსეინოვი ნაცემია და მას დაზიანებები დაკავების შემდეგ მიაყენეს. ადვოკატი სასამართლოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, ალტერნატივის სახით კი გირაოს შესთავაზებს.