პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლებელი გახდება როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდის გამოყენება. ამის შესახებ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებია აღნიშნული. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფიზიკურ შეზღუდვის (შებოჭვას), მანუალური კონტროლის საშუალებით, ფიზიკური ძალის გამოყენების; მექანიკური შეზღუდვისა და განმარტოვებით სპეციალიზებულ ოთახში პაციენტის იძულებითი მოთავსების მეთოდებს ემატება ქიმიური შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს პაციენტისათვის მედიკამენტის მიცემას იძულებით ქვევის კონტროლის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვის მეთოდები წარმოადგენს უკიდურეს ზომას, როდესაც პაციენტის სიტყვიერი დამშვიდება ან მედიკამენტური მკურნალობა შეუძლებელია. კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შეზღუდვის საშუალებები უსაფრთხოების ზომებია და მათ თერაპიული მიზანი არ აქვს.