არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსი, რომელიც პირველად 1887 წელს გაიცნო მკითხველმა რომანში "ალისფერი კვალი", დღემდე ჟანრის კლასიკად რჩება და ყველა დროის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ლიტერატურის მოყვარულთა პატივისცემის დამსახურების შემდეგ ლონდონელმა კერძო დეტექტივმა წარმატებით გადაინაცვლა ეკრანზე და არც კინომოყვარული დატოვა გულგრილი. ათწლეულების მანძილზე მართლაც უამრავი ფილმი თუ სერიალი შეიქმნა ჰოლმსის, მისი ერთგული კომპანიონის - დოქტორ ვატსონის თავგადასავლებზე და დანარჩენებს არც გაი რიჩი ჩამორჩა, რომელმაც მეტად ორიგინალური ნამუშევრი შესთავაზა მაყურებელს. გაი რიჩის 2009 წელს დადგმული "შერლოკ ჰოლმსი", რომელმაც ბოევიკის, ტრილერის და დეტექტივის, დრამის, კომედიის და სათავგადასავლო კინოს ელემენტები გააერთიანა, 20 წლის მანძილზე შერლოკ ჰოლმსზე შექმნილი პირველი ფილმია, რომელიც შეერთებული შტატების გაქირავებაში ჩაეშვა, რადგან ბრიტანელი მაძებარის ისტორია ამერიკელი მაყურებლსთვის ბოლოს მხოლოდ ტომ ებერჰარდტმა გააცოცხლა, როცა 1988 წელს კომედია "სამხილის გარეშე" გადაიღო, მთავარი როლი კი, მაიკლ კეინს შესთავაზა.